ავტორის შესახებ
გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი (დ. 13 მარტი, 1943) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი.
გიორგი ეკიზაშვილს გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული და ფრანგული ლიტერატურული ნაწარმოებების ოცდაათზე მეტი თარგმანი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ლიტერატურული პრემია: ღირსების ორდენი, ივანე მაჩაბლის პრემია, საბას პრემია საუკეთესო თარგმანისთვის, მიხეილ თუმანიშვილის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის ორჯერ, ფრანგული კულტურის ცენტრის პრემია წლის საუკეთესო თარგმანისთვის და სხვ. საფრანგეთის მთავრობამ ფრანგული კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მას მიანიჭა აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორის წოდება. გიორგი ეკიზაშვილი კითხულობს ფრანგული ლიტერატურის კურსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრძელებს ლექსების წერას და ფრანგული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას.