ციფრული ბიბლიოთეკა
დღესდღეობით უმნიშვნელოვანეს საქმეს წარმოადგენს სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის გაციფრულება. გარდა იმისა, რომ ეს ამარტივებს ტექსტებზე წვდომასა და მათ მოხმარებას წაკითხვისა თუ შესწავლის მიზნით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მკვლევრებისთვის, ეს პროცესი, ასევე, უზრუნველყოფს კონკრეტული ნაშრომების აღდგენასა და შენარჩუნებას.
სწორედ ამიტომ ქართული წიგნური ფონდის გაციფრულება ეროვნული საქმეა და მას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი მიზანია ქართულ ენაზე გამოსული ყველა ბიბლიოგრაფიულად მნიშვნელოვანი წიგნის გაციფრულება და საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული წიგნების ფონდის შექმნა.
1629 წლიდან დღემდე ქართულად დაახლოებით 250 000 ბეჭდური ერთეული გამოცემული. გაციფრულების საწყის ეტაპზე პრიორიტეტს ვანიჭებთ სამეცნიერო პერიოდიკასა და მონოგრაფიებს, თუმცა, ასევე, ვასკანერებთ მხატვრულ ლიტერატურასაც. ამ წიგნებიდან ნაწილი გაციფრულებული არ იყო, ნაწილი კი ცუდი ხარისხით იყო დასკანერებული, რაც ართულებდა კარგი ხარისხით გაციფრულების პროცესს. ასეთები ხელახლა დასკანერდა და ძებნის ფუნქციაც დაერთო.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენ მიერ შემუშავებული გაციფრულების სტანდარტით, რაც გულისხმობს ძველი, გაყვითლებული, დაზიანებული წიგნებისგან მკაფიო, უხარვეზო და ძებნის ფუნქციით აღჭურვილი დოკუმენტების შექმნას, რომელიც მოცულობისა და ხარისხის თვალსაზრისით ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს.
ციფრულ ბიბლიოთეკაში წიგნების ორი კატეგორიაა: საავტორო უფლებით დაცული წიგნები და წიგნები, რომლებზეც საავტორო უფლებები არ ვრცელდება. წიგნებზე, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებით, ღია წვდომა შეზღუდულია და ისინი მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ავტორიზებული მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. იმ წიგნებზე კი, რომლებზეც საავტორო უფლებები არ ვრცელდება, ყველა მსურველს ექნება წვდომა. ამ ეტაპზე წიგნების აბსოლუტური უმრავლესობა დახურულია საზოგადოებისათვის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა მათი ღიად დადების უფლების მოსაპოვებლად.
წიგნების გადმოწერა არცერთი ფონდიდან არაა შესაძლებელი. მსურველები წიგნებით სარგებლობას მხოლოდ ბიბლიოთეკის გვერდზე შეძლებენ.
საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობს ბუკინისტებთან და ყველა იმ ბიბლიოთეკასთან, რომელიც თანახმაა, მიიღოს მონაწილეობა ამ ეროვნულ საქმეში; გვაძლევს საშუალებას, ვისარგებლოთ მათს საკუთრებაში მყოფი წიგნებით და მივანიჭოთ მათ ახალი, ციფრული სიცოცხლე.