სინონიმთა ლექსიკონი
ქართული ენის სინონიმთა ახალი ლექსიკონი არის ინოვაციური ციფრული პროდუქტი, რომელიც ქართულ სიტყვამნერგს ეფუძნება. ქართული სიტყვამნერგი (Word embedding) შექმნილია „მცდარბეჭდილის საძმოს“ მიერ და იგი საშუალებას გვაძლევს ერთი სიტყვის „ჩანერგვით“ ერთგვარი სიტყვაქსელი ავაგოთ – ჩანერგილ სიტყვასთან შინაარსობრივად და ფორმობრივად დაკავშირებული სიტყვები შევკრიბოთ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკის შესარჩევად გამოყენებულია „მცდარბეჭდილმძებნის“ დიდ მონაცემთა (Big data) კორპუსი.
აქამდე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყო ქართულ ენის სინონიმთა ორი ლექსიკონი: ალექსანდრე ნეიმანის „ქართულ სინონიმთა ლექსიკონი“ (გამოცემულია სამჯერ: 1951 წ., 1961 წ., 1978 წ.) და კარლო ჯორჯანელის „ქართულ სინონიმთა ვრცელი ლექსიკონი“ (2003 წ.) და „ქართულ სინონიმთა ლექსიკონი“ (ბოლო, შევსებული გამოცემა 2016 წ.). ამათგან ელექტრონული სახით ხელმისაწვდომი მხოლოდ ა. ნეიმანის ლექსიკონია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
მცარდებჭდილის საძმოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით შექმნილი „ქართული ენის სინონიმთა ლექსიკონი“ აქამდე გამოცემული ლექსიკონებისგან განსხვავდება როგორც ტექნოლოგიურად, ასევე – შედგენილობით და აგების პრინციპით.
დღემდე არსებული ბეჭდური ლექსიკონებისგან (ან მათზე დაფუძნებული ელვერსიებისგან) განსხვავებით, ჩვენს ლექსიკონში მეთაურ სიტყვებს ახლავს განმარტებები და სინონიმური რიგები ამ განმარტებათა მიხედვით არის დალაგებული, რაც თანამედროვე ლექსიკოგრაფიაში აპრობირებულ მეთოდოლოგიას წარმოადგენს.
მეთაურ სიტყვათა მნიშვნელობების ჩამოსაყალიბებლად, პირველ რიგში, გამოყენებულია ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ქეგლ); შედარებულია ქართული ენის მეორე განმარტებითი ონლაინლექსიკონის – ganmarteba.ge-ის – მნიშვნელობებს. ხშირ შემთხვევაში სიტყვათა განმარტებისა და მნიშვნელობათა რიგითობის დასადგენად სიტყვები შემოწმებულია ისეთ უცხოურენოვან აკადემიურ ონლაინლექსიკონებში, როგორებიცაა, მაგალითად: ოქსფორდის, როუტლეჯის, მერიემ ვებსტერის, დუდენის ლექსიკონები. შესაბამისად, ჩვენი ლექსიკონის მეთაურ სიტყვათა მნიშვნელობების რიგითობა, რაოდენობა და შინაარსობრივი ნაწილი შეიძლება განსხვავებული იყოს ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში წარმოდგენილი სიტყვა-სტატებისგან.
სინონიმური რიგების შესავსებად „სიტყვამნერგის“ გარდა გამოყენებულია ა. ნეიმანისა და კ. ჯორჯანელის ზემოთ აღნიშნული ლექსიკონები. გარდა ამისა, სიტყვები ემატება სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულიდან“, ძველი ქართული ენის ლექსიკის დამატებისას მასალა გადამოწმებულია ი. აბულაძის ნაშრომში – „მასალები ძველი ქართული ენის ლექსიკონისათვის“. მნიშვნელობათა დადგენისას თუ სინონიმთა რიგის შესავსებად გამოყენებულია ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაც.
ამჟამად ლექსიკონი 7200-ზე მეტი სახელის (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, მასდარი, მიმღეობა) სალექსიკონო სტატიას შეიცავს. ამასთანავე, ძებნის შედეგებში ჩნდება ის სიტყვა-სტატიებიც, რომელთა სინონიმურ რიგში საძიებო სიტყვაა შეტანილი. შესაბამისად, თუკი ამა თუ იმ სიტყვისთვის სალექსიკონო სტატია ჯერ არაა მომზადებული, მისი სინონიმების ნახვა სხვა სიტყვა-სტატიათა მეშვეობით მაინც შესაძლებელია.
გასათვალისწინებელია, რომ ლექსიკონი არ არის დასრულებული, მიმდინარეობს მისი შევსება, მნიშვნელობათა დაზუსტება, რედაქტირება. მომავალში გათვალისწინებულია საილუსტრაციო მაგალითების დამატებაც. თუმცა ლექსიკონის შემდგენლები იმედოვნებენ, რომ მომხმარებლებისთვის ეს სამუშაო ვერსიაც გამოსადეგი იქნება და მათგან მიღებული კონსტრუქციული კრიტიკით, შენიშვნებითა და რჩევებით პროდუქტი დაიხვეწება.