სინონიმთა ლექსიკონის აგებულება და გამოყენება
ლექსიკონში სასურველი სიტყვების ძებნა შესაძლებელია როგორც ანბანურად, ასევე საძიებო ველითაც.
თითოეულ მნიშვნელობასთან აღნიშნულია, თუ მეტყველების რომელი ნაწილია მეთაური სიტყვა და, სადაც შესაძლებელია, მითითებულია რეგისტრიც, მაგალითად: საუბ. – საუბრული მეტყველება; ძვ. – ძველი ქართული; ისტ. – ისტორიული და ა.შ. რეგისტრების შემოკლებისა და გამოყენების პრინციპი ეფუძნება ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისათვის მიღებულ სტანდარტს.
ჩვენი ლექსიკონის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ, სინონიმთა გარდა, მნიშვნელობების მიხედვით მომხმარებელს შეუძლია ანტონიმების, ჰიპერონიმების, ჰიპონიმებისა და კოჰიპონიმების გაცნობაც.
სინონიმები ეწოდება მსგავსი ან ზუსტად ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებს. მაგალითად, „ბავშვის“ მნიშვნელობით „ადამიანის შვილი დაბადებიდან სრულწლოვანებამდე“ სინონიმებია: არასრულწლოვანი, პატარა, ყრმა (ძვ.), ყმაწვილი (წიგნ.), ბალღი (კუთხ.), ბაღანა (კუთხ.)... ხოლო ანტონიმები იქნება: ზრდასრული, სრულწლოვანი.
ჰიპერონიმები ისეთი სიტყვებია, რომლებიც კლასს, ზოგად კატეგორიას აღნიშნავენ. ისინი აერთიანებენ ერთმანეთთან დაკავშირებულ კონკრეტულ სიტყვებს, რომელთაც ჰიპონიმებს ვუწოდებთ. მაგალითად, თუ ხილი არის ჰიპერონიმი, ვაშლი, მსხალი, ატამი – ჰიპონიმები იქნება. ამავე დროს ვაშლი და მსხალი ერთმანეთის მიმართ კოჰიპონიმებად ჩაითვლება. ამგვარად, ჰიპონიმია გამოხატავს გვარსახეობით მიმართებას.
სიტყვა „დედას“ ჩვენს ლექსიკონში 9 მნიშვნელობა აქვს. ამათგან „დედას“ მოწესე ქალის მნიშვნელობით სინონიმად ექნება „მონაზონი“ ხოლო „მოწესე“ – ჰიპერონიმი იქნება.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპონიმებად შეტანილია მერონიმებიც. მერონიმი ისეთი სიტყვაა, რომელიც მთელის ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, „ცხვირი“ „სახის“ მერონიმია, „კიჩო“ – „გემის“. თავის მხრივ, „სახე“ და „გემი“ „ცხვირისა“ და, შესაბამისად, „კიჩოს“ მიმართ ჰოლონიმებია. მაშასადამე, ჰოლონიმი მთლიანს აღნიშნავს, ხოლო მერონიმი – მის ნაწილს. ლექსიკონის შემდეგ ვერსიაში, განზრახ დაშვებული ეს უზუსტობა გასწორდება.
როცა ლექსემა ამის შესაძლებლობას იძლევა, მითითებულია ანტონიმები (საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები) და სინონიმური შესიტყვებებიც.