ციფრული ბიბლიოთეკა

იოსებ იმედაშვილი

1876 - 1952

ავტორის შესახებ

იოსებ იმედაშვილი ( დ. 20 აპრილი, 1876, ხაშმი – გ. 5 მაისი, 1952, თბილისი ) – კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, რეჟისორი. 

სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებლებში. 1890  წლიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში; ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას; 1893 წელს ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების პირველი რეჟისორი იყო; რედაქტორობდა ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება"; გაზეთებს: "ხალხის ერთობა" და "ხალხის თავისუფლება"; 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად; 1905–1906წწ. ხელმძღვანელობდა ივერის ხეობას; 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო; 1910 წელს რევოლუციურ–პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1895 წლიდან დაიწყო ბეჭდვა; შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული – "ცხოვრების სარკე"(1899, 1901). 1902 წელს გამოსცა მ. გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული; 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი "აახ–ვაახ"; ლექსთა რამდენიმე წიგნაკი: "სიყვარულის ძალა"(1904), "პროლეტარიატის ჰიმნი"(1905), "წითელი დროშა"(1907); 1904 წელს გამოსცა პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი"(II, III გამოცემები, 1918, 1928); ავტორია რომანებისა "განახლებული სიცოცხლე"(1919–21) და "ციბრუტა"(1940); მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები "იოსებ ლაღიაშვილი"(1920), "უკანასკნელი დედოფალი"(1929), ისტორიულ–ბიოგრაფიული ნარკვევები  ლადო აღნიაშვილსა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული  ენებიდან; შეადგინა ქართველ მწერალთა ლექსიკონი" (ძვ. წ. IV – ახ. წ. XX სს.).