ავტორის შესახებ
ნუგზარ ბირკაია ( დ. 27 იანვარი, 1950 ) – იურისტი, ადვოკატი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1976წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროს კონსულტანტად სისხლის სამართლის საქმეებზე; 1976 წლის აპრილში არჩეული იქნა ხონის (მაშინდელი წულუკიძის) რაიონის მოსამართლედ; 1979-1983წწ. აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ; 1984-1990წწ. ქ. თბილისის, საბურთალოს რაიონის მოსამართლეა; 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით პირადი განცხადებით გავიდა სკკპ წევრობიდან; 1991-1999წწ. თბილისის, გლდანის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეა; 1997 წლის 22 დეკემბერს დააფუძნა გაზეთი "სასამართლო", რაც ემსახურებოდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დაცვას საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის პირობებში; 1997 წლის 25 დეკემბერს დააფუძნა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია და არჩეულ იქნა მის პირველ პრეზიდენტად; 1997-1999წწ. როგორც საერთაშორისო ისე ქვეყნის ხელსუფლების დონეზე აქტიურად იცავდა ქართველ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და მათთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის დაუშვებლობას; 2001 წლის აპრილში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრთა მე-15 საარჩევნო კონფერენციის მიერ ნ. ბირკაია არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ; 2001 წლის დეკემბერში ნ. ბირკაიამ დააფუძნა გაზეთი "ადვოკატი და მართლმსაჯულება", რომელიც 2002 წლის ივლისიდან გადაკეთდა ამავე დასახელების ჟურნალად; 2001-2005წწ. როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციის წევრი სახელმწიფოს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე მონაწილეობას იღებდა ადვოკატთა ასოციაციის კონფერენციებში ბულგარეთში ქ. სოფიაში, რუმინეთში ქ. ბუქარესტში, თურქეთში ქ. ანკარასა და ქ. სტამბულში; მისი თაოსნობით 2003 წლის 5 სექტემბერს ქ. მოსკოვში ხელი მოეწერა მოსკოვის ადვოკატთა საქალაქო კოლეგიასა და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმს შორის დადებულ ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2004 წლის 25 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა კოლეგია ადვოკატთა საერთაშორისო გაერთიანების წევრი გახდა; 2003 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს ეგიდით საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის დელეგაცია ნ. ბირკაიას ხელმძღვანელობით ეწვია ლონდონისა და უელსის ადვოკატთა საბჭოს; 2004 წლის აპრილში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრთა მე-16 საარჩევნო კონფერენციის მიერ ნ. ბირკაია კვლავ არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ; დააფუძნა და ხელმძღვანელობს ამხანაგობა "საქართველოს ადვოკატთა კოლეგია" (2006). მისი წერილები, მოხსენებები და სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება სხვადსხვა ჟურნალში: "მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები" (ჟურნალი "სამართალი" 1997 № 7-8), "ქართული ადვოკატურის ისტორიის შესახებ" (უკრაინული ჟურნალი "ადვოკატი", 2005), "საქართველოში 1997-1999 წლებში განხორციელებული სასამართლო რეფორმის სამართლებრივი პრობლემების შესახებ" ( გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის აკადემიური "მაცნე", 2015). მინიჭებული აქვს პირველი კლასის კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება (1994).