ავტორის შესახებ
ციალა კახაბრიშვილი (დ. 1936 - გ. 2005) – ქართველი ფილოლოგი და მეცნიერი. ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი წლების განმავლობაში.
1957 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961-1964 წლებში სწავლობდა აკად. ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ასპირანტურაში. ალექსანდრე ბარამიძემ დიდი წვლილი შეიტანა ც. კახაბრიშვილის მეცნიერად ჩამოყალიბებაში.
1959-1968 წლებში მუშაობდა საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში ჯერ კორექტორად, შემდეგ კი – რედაქტორად.
1968 წლის 14 თებერვლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში. მისი სადისერტაციო ნაშრომი „იოანე მამუჩაშვილის ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა“ დაიბეჭდა თბილისის ლიტერატურის ინსტიტუტის კრებულში „XVIII ს. ქართული ლიტერატურის საკითხები“, 1965 წელს.
მოცემულ წიგნში დაბეჭდილი ნაშრომების გარდა, ც. კახაბრიშვილმა ც. კიკვიძესთან ერთად დაამუშავა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“. დაიბეჭდა I და II ტომი. III ტომი გადაეცა სტამბას დასაბეჭდად, ხოლო IV ტომი იყო სრულად დამუშავებული ტექსტი ხელნაწერის სახით.
ც. კახაბრიშვილმა თ. ბრეგაძესთან ერთად შეადგინა გორის, ზუგდიდისა და ბათუმის მუზეუმების ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა დაიბეჭდა 2002 წელს.
მან აღწერა ხელნაწერთა ინსტიტუტის უძველესი (A) ფონდის ხელნაწერების ერთი ნაწილი. იგი მონაწილეობდა Q ფონდის ხელნაწერების აღწერაში.
წლების განმავლობაში მუშაობდა პეტერბურგში მიხეილ ქავთარიასთან ერთად სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერთა აღსაწერად.
მონაწილეობდა XIX ს. II ნახევრის ქართველ მოღვაწეთა პირადი არქივების პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლების შედგენაში.