ავტორის შესახებ
დალი შენგელია ( დ. 2 იანვარი, 1958 – გ. 2000 ) – ქართველი ფილოლოგი. 1975 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილებაზე. 1980 წ. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე აკად. ქ. ლომთათიძის რეკომენდაციით დ. შენგელიამ მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში შინამრეწველობის საპრობლემო ჯგუფში. 1982 წლიდან დ. შენგელია მუშაობას იწყებს ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხელშეკრულებით, 1987 წლიდან კი ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერი თანამშრომელია. დ. შენგელია თანაავტორია ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნებისა «ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი“ (1989 წ.) და «ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი“ (1991 წ.). მისი მონოგრაფიული ნაშრომი «ნასახელარი ზმნები საშუალ ქართულში“ იყო მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა, რომელიც მან 1991 წელს დაიცვა.