ავტორის შესახებ
ლალი ჯაფარაშვილი ( დ. 1943 ) – მწერალი. პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ “ცისკარში”, 1968 წელს. 1979 წელს გამომცემლობა “მერანში” გამოვიდა მისი პირველი ლირიკული ლექსების წიგნი “მზეკარა” .1986 წელს, იმავე გამომცემლობამ დასტამბა ლალი ჯაფარაშვილის ლირიკული ლექსების მეორე წიგნი “აპრილის ცრემლი”. 1984 წლიდან საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის წევრია. წლების მანძილზე მისი ლირიკული და საბავშვო ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში “ცისკარი” და “მნათობი”, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”. 1985 წელს, ნოდარ დუმბაძის რეკომენდაციით, გამომცემლობა “ნაკადულმა” გამოსცა მისი საბავშვო ლექსების პირველი კრებული “ქარი და ციყვები” . 1999 წელს, ჟურნალ “დილაში” გამოქვეყნებული საბავშვო ლექსებისათვის მიეკუთვნა შიო მღვიმელის სახელობის ლიტერატურული პრემია. 2010 წელს დაჯილდოვდა მაყვალა მრევლიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიით. 2000 წელს გამოიცა საბავშვო ლექსების წიგნი “ყველა ფურცელი საჩუქარია”. აღნიშნული კრებული მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის ხსოვნას. 2007 წელს, გამომცემლობა “შემეცნებამ” გამოსცა ლალი ჯაფარაშვილის საბავშვო ლექსების სახალისო კრებული “ყველაფერი თავდაყირა”. გამომცემლობა “ანბანში” გამოიცა საბავშვო ლექსების წიგნი “შენთვის ვიზრდები, მამულო”.