ავტორის შესახებ
ჩარლზ დიკენსი ( ფსევდონიმი - „ბოზ“ (ინგლ. „Boz“), დ. 7 თებერვალი, 1812, ლენდპორტი, ჰემფშირი – გ. 9 ივნისი, 1870, გედს-ჰილი, კენტი ) – ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი, რომლის რომანებისა და მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - „დევიდ კოპერფილდი“ და „პაწია დორითი“.