ავტორის შესახებ
ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი ( დ. 22 მაისი, 1813 – გ. 13 თებერვალი, 1883 ) – გერმანელი კომპოზიტორი, თეატრის რეჟისორი, დირიჟორი და პუბლიცისტი. მეტწილად ცნობილია თავისი ოპერებით (ან, როგორც მის ზოგიერთ გვიანდელ ნამუშევარს უწოდებენ, „მუსიკალური დრამებით“). საოპერო კომპოზიტორების უმრავლესობისგან განსხვავებით, ვაგნერი თავისი სასცენო ნაწარმოებებისთვის როგორც მუსიკას, ისე ლიბრეტოს, თავად ქმნიდა. თავდაპირველად სახელი მოიხვეჭა რომანტიკულ, კარლ მარია ფონ ვებერის და ჯაკომო მეიერბერის სტილში დაწერილი მუსიკით, ხოლო მოგვიანებით, სრულიად შეცვალა ოპერა „ხელოვნების ტოტალური ნაწარმის“ (Gesamtkunstwerk) რევოლუციური კონცეფციით, რომელშიც სურდა პოეტური, ვიზუალური, მუსიკალური და დრამატული ხელოვნების გაერთიანება და სადაც მუსიკა დრამას იქნებოდა დაქვემდებარებული. ეს ხედვა აღწერა 1849-1852 წლებში გამოქვეყნებულ ესეებში და ყველაზე სრულად ოთხი ოპერისგან შემდგარი ციკლის, „ნიბელუნგის ბეჭედის“ (Der Ring des Nibelungen), პირველ ნახევარში განახორციელა.