ავტორის შესახებ
ივანე მურუსიძე – პროფესორი, ფიზიკის მიმართულებით, 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით. 1983 წელს – მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა (თეორიული და მათემატიკური ფიზიკა, დისერტაცია: სოლიტონების მიერ დაბალსიხშირული ტალღების გამოსხივება პლაზმაში). 1984 წლიდან მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში, 1992-2006 წწ. იყო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1995-2000 წლებში კვლევებს ატარებდა თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში იტალიაში (ცენტრის ასოცირებული წევრი). 1999-2002 წლებში მილანის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტში, როგორც მიწვეულმა მკვლევარმა, შეასრულა კვლევითი პროექტები ლაზერ‑პლაზმის ურთიერთქმედების პრობლემებზე, მათ შორის – პროექტი ნატოს ინდივიდუალური გრანტის ფარგლებში. 1998 წლიდან ჩაერთო მიკრობული ფლორის მძიმე მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოტექნოლოგიური პრობლემების კვლევაში ფიზიკის ინსტიტუტში ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიასთან (აშშ) თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებში, რაც უკავშირდება მძიმე მეტალებით დაბინძურებული გარემოს ბიორემედიაციის პრობლემებს. უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში ის აგრძელებს კვლევებს ნანობიოტექნოლოგიის მიმართულებით, რაც მოიცავს არქაე მიკროორგანიზმების მიერ კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების ბიოსინთეზს. 2006-2007 წლებში იულიხის კვლევითი ცენტრის გამოყენებითი მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (გერმანია) ახორციელებდა კვლევებს ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედების პრობლემებზე. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იყო ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი (2007-2009). არის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.