ავტორის შესახებ
თეიმურაზ ბასილია ( დ. 10 მარტი, 1957, სოფელი ჩაისუბანი, ჩოხატაურის რაიონი ) – ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1979-1984 წლებში იყო სამრეწველო გაერთიანება „ელექტროხელსაწყოს“ ინჟინერ-ეკონომისტი, ბიუროს უფროსი. 1984-1986 წლებში იყო თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის დარგთაშორის ტერიტორიული გაერთიანების სექტორის გამგე, უფროსის მოადგილე. 1986-1989 წლებში იყო საავეჯო დეტალების კომბინატის დირექტორის მოადგილე. 1989-1991 წლებში იყო სამრეწველო გაერთიანება „განთიადის“ მთავარი ეკონომისტის მოადგილე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტთა გაერთიანება“. 1994-1995 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე. 1996-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი. 2011 წლის 26 მაისს, თეიმურაზ ბასილიას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. 2019 წელს დაბრუნდა საქართველოში. ეკონომიკის ექსპერტი.