ავტორის შესახებ
დომენტი თომაშვილი (ნამდვილი გვარი – ოყრეშიძე) ( დ. 1876 – გ.1952 ) – ქართველი პოეტი.
დაიბადა სოფელ ჭოლევში (წყალტუბო). დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ხონის სამასწავლებლო სემინარია. პირველი წერილი 1896 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ „კვალში”, პირველი ლექსი კი – იმავე წელს ჟურნალ „ჯეჯილში”. 1898 წლიდან სახალხო მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოსა და ქვემო იმერეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში, ხოლო 1911 წლიდან ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქართულ გიმნაზიაში. 1912 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. მეფის მოხელეების დევნის მიუხედავად ქართული გიმნაზიის მასწავლებელი დაუღალავად იღვწოდა, მოსწავლე ახალგაზრდობაში ღრმად დაენერგათ ეპოქის მოწინავე იდეები, მშობლიური ენისა და კულტურისადმი სიყვარული. თანამშრომლობდა გაზეთებში: „ივერია”, „ახალი დროება”, „სახალხო გაზეთი”, „ისარი”, „ამირანი” და სხვა. მისი პოეტურ ნაწარმოებთა ერთტომეული პირველად 1939 წელს გამოვიდა, მეორედ – 1955 წელს. ლექსების თემაა: სამშობლოს სიყვარული, პიროვნული და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანური ფასეულობების შემეცნება და სხვა. იოსებ ოცხელთან და სამსონ ყიფიანთან ერთად თანაავტორია ანბანის შემდეგ სახმარებელი წიგნისა „მნათობი“ (1918, ქუთაისი). მისი რამდენიმე ლექსი ს. გორგაძემ შეიტანა 1906 წელს გამოცემულ ქართული ლიტერატურის ქრესტომათიაში, როგორც სკოლაში შესასწავლი მასალა. დომენტი ოყრეშიძე-თომაშვილი დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.