ავტორის შესახებ
ელენე ნიკოლაიშვილი ( დ. 31 მარტი, 1928 – გ. 6 დეკემბერი, 2018 ) – ენათმეცნიერი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს; გაიარა ასპირანტურის კურსი ძველი ქართული ენის სპეციალობით აკადემიკოს ა. შანიძის ხელმძღვანელობით (1951-1954). 1958-1960წწ. მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია თანამედროვე და ძველი ქართული ენის, ქართველური ენების მორფოლოგიისა და ლექსიკოლოგიის, ქართული ენის შესწავლის ისტორიის, დიალექტოლოგიის საკითხებზე; მის მონოგრაფიაში "გაიოზ რექტორის ქართული ღრამმატიკა" წარმოდგენილია მე-18 საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწის, თელავის სემინარიის პირველი რექტორის გაიოზის (გვარი უცნობია) ქართული ენის გრამატიკის პირველი ნაბეჭდი სახელმძღვანელოს (1789) ტექსტი, დადგენილი ავტორის ავტოგრაფისა და ნაბეჭდის ურთიერთშეჯერების საფუძველზე და გამოკვლევა ამ ნაშრომის, ასევე მისი ავტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. დამატების სახით წიგნში წარმოდგენილია გაიოზის მეორე გრამატიკული ნაშრომიც "სიტყვა საღრამმატიკოი" და გრამატიკულ ტერმინთა ლექსიკონი; ელენე ნიკოლაიშვილს ეკუთვნის დიალექტოლოგიური ტექსტების კრებული "მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან", რომელშიც წარმოდგენილია გურულ დიალექტზე ჩაწერილი ტექტები, რომლებსაც წლების განმავლობაში იწერდა მკვლევარი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში; ეს ტექსტები, რომლებსაც დართული აქვს ლექსიკონიც, საინტერესო მასალას წარმოადგენს როგორც დიალექტოლოგებისათვის, ისე ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფებისთვისაც, რამდენადაც მოიცავს გურულთა ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და ასახავს ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულის სოციალურ და ისტორიულ მოვლენებს; ქართველოლოგი.