ავტორის შესახებ
ივანე გეგია ( ოდეშელი-ფსევდონიმი ) ( დ. 1860 – გ. 1941 ) – პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, დიდი ილია ჭავჭავაძის თანამდგომი.
დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი 1880 წელს. დაბა ოჩამჩირეში კერძო სკოლა გახსნა და მასწავლებლობა დაიწყო. ეს იყო პირველი სკოლა ოჩამჩირეში, რომელიც შემდეგში ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. 1890 წელს სოფელ ოქუმის ორკლასიან სკოლაში გადავიდა; ხუთი წლის შემდეგ, როგორც პოლიტიკურად შემჩნეული, სკოლიდან გაათავისუფლეს; იგი ჩაება სოფლის მეურნეობაში, მოაწყო სამაგალითო მეურნეობა და მოსახლეობას ეხმარებოდა; ოქუმში გახსნა უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ააგო საკუთარი შენობა ბიბლიოთეკისთვის; "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დახმარებით შეიძინა სათანადო ლიტერატურა და თვითონ ასრულებდა ბიბლიოთეკარის მოვალეობას და მის მიერ ჩამოყალიბებული დრამატული წრის ხელმძღვანელობას; 1904 წელს როგორც, "გამოუსწორებელი და მავნე ელემენტი" სამუდამოდ იქნა გადასახლებული რუსეთის შორეულ გუბერნიაში; 1905 წლიდან ბრუნდება საქართველოში და კვლავ ებმება სასკოლო მუშაობაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიწვეულ იქნა გალის ცხრაწლიანი სკოლის აგრონომ-მასწავლებლად. იგი სხვადასხვა გაზეთისა და ჟურნალის მუდმივი კორესპონდენტი იყო, წერდა როგორც პირდაპირი ხელმოწერით, ისე "ოდეშელის“ ფსევდონიმითაც; მისი ლექსები შეტანილია რამდენიმე კრებულში.