ავტორის შესახებ
ალექსანდრე დიდებულიძე ( დ. 30 სექტემბერი, 1944, თბილისი ) – ქართველი ელექტრომექანიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადმიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1966). 1967–1968 წლებში მუშაობდა იქვე, 1968–1974 წლებში – საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1974-2013 წლებში – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი), სადაც 1989-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრას, იყო სრული პროფესორი (2006-2013). 2001-2004 წლებში დიდებულიძე იყო უფროსი ანალიტიკოსი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში, 2004-2008 წლებში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, 2013 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი. დიდებულიძის სამეცნიერო შრომები ეხება სოფლის მეურნეობის და ელექტრომექანიკის პრობლემებს – სპეციალურ ელექტრიფიცირებულ სატრანსპორტო-ტექნოლოლოგიურ მოწყობილობებს, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).