ავტორის შესახებ
ნუგზარ ზაზანაშვილი ( დ. 11 მარტი, 1957 – გ. 10 მაისი, 2021 ) – გეოგრაფი, გეოლოგი, მეცნიერი, პოეტი, პუბლიცისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გარემოს დამცველი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1980 წელს. პარალელურად სწავლობდა ხელოვნებათმცოდნეობის მეორეულ ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, რომელსაც ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა. 80-იანი წლებიდან ჩაბმულია ეკოლოგიურ მოძრაობაში. 90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. არის ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. არის მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროები: კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა / ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება.