ავტორის შესახებ
მიტროფანე კორძახია ( დ. 16 ივლისი, 1890 – გ. 28 აპრილი, 1970 ) – გეოგრაფი, მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1910 წელს; კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი პირველი ხარისხის დიპლომით 1915 წელს. 1925 წლამდე მუშაობდა თბილისის საშუალო სასწავლებელში მასწავლებლად. იყო პირველი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი. 1924 წელს მიიწვიეს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, აქ სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიის, მეტეოროლოგიის და სხვ. განყოფილებებს, სადაც პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად სამეცნიერო-კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით კლიმატურად დამუშავდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის და საქართველოს ყველა მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები 1935 წლამდე, რის საფუძველზე გამოიცა მონოგრაფიული ნაშრომი "საქართველოს კლიმატური აღწერა". მასში გაშუქებულია საქართველოს ჰავა და მოცემულია თითქმის ყველა მეტეოროლოგიური ელემენტის კლიმატური მაჩვენებლების ცხრილები 100-მდე პუნქტისათვის. 1940 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრაზე, სადაც კითხულობდა ლექციებს კლიმატოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, კლიმატური მასალების დამუშავების მეთოდიკაში. 1945-1949წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც მეტად ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას აწარმოებდა. 1946 წელს მოგვცა საქართველოს კლიმატური დარაიონება და შეადგინა საქართველოს დეტალური კლიმატური რუკა, რომლის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა "საქართველოს სსრ ატლასში". 1953-1955წწ. მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კვლევით ინსტიტუტში. მრავალ საკითხთან ერთდ აქ დაამუშვა სამედიცინი მიზნით ამინდის ტიპების კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციამ საკავშირო მასშტაბით ჰპოვა ფართო გამოხმაურება. თეორიულად და პრაქტიკულად მეტად მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევა კურორტ წყალტუბოს ჰავასა და მისი მიკროკლიმატის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. 1955 წლიდან განაგრძო კლიმატური კვლევა-ძიება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალფეროვან კლიმატურ პირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია "საქართველოს ჰავა", რომელშიც გაშუქებულია საქართველოს კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები, ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების კლიმატური რეჟიმი, ამომწურავადაა დახასიათებული საქართველოს კლიმატური ოლქები, ზონები, ქვეზონები და გამოვლენილია რესპუბლიკის კლიმატური რესურსები.