ავტორის შესახებ
ანა მაყაშვილი ( დ. 1985 ) – ასისტენტ პროფესორი, ფსიქოლოგიის (სოციალური ფსიქოლოგიის) მიმართულებით.
2002 წელს 23-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. პირველი კარიერული ნაბიჯები 1999 წელს, ადგილობრივი ინგლისურენოვანი ჟურნალის, Tbilisi Pastimes-ის, ავტორის რანგში გადადგა. 2000 წელს, ,,ეკო დაიჯესტში“ წერდა საგაზეთო სვეტებს ,,ალისა საქართველოში.“ 2003 წელს, გაზეთ ,,24 საათში“ აქვეყნებდა ,,თინეიჯერის სვეტს“ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. მას მერე, სხვადასხვა ეტაპზე, რეგულარულად უთანამშრომლია სხვადასხვა ქართული მედიის კულტურისა თუ საზოგადოების განყოფილებებთან ისეთ ბეჭდურ თუ ონლაინ გამოცემებში, როგორიცაა ჟურნალები ,,ანაბეჭდი,“ ,,ცხელი შოკოლადი,“ ,,დიALOგი,“ ,,ტაბულა,“ ,,ინდიგო,“ ქართული National Geographic-ი (მთარგმნელად), ქართული Forbes-ი (როგორც ავტორად, ისე მთარგმნელად), NewsGeTV, AT.ge. წერის პარალელურად, 2002 წლიდან, ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში და არის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი (2006) და ფსიქოლოგიის მაგისტრი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით (2009) თსუ-დან, 2018 წელს კი ილიაუნიში ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 2011 წელს, საქართველოში პირველმა თარგმნა ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და მცდარი აზრი.“ მისი სადოქტორო კვლევის მთავარი თემაც სწორედ მცდარ აზრს – წინარწმენას – უკავშირდება. 2016 წლიდან, ილიაუნიში ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა კურსს ასწავლის და, ამ მომენტისთვის, ერთი საბაკალავრო და ხუთი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელია. 2018-ის დეკემბრიდან ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი, 2012 წლიდან, ილიაუნიში არსებული დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია და ჩართულია სოციალური ფსიქოლოგიის სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტში როგორც კვლევების დაგეგმვა-ჩატარებისა და კვლევითი ანგარიშების წერის, ისე საკვლევი ინსტრუმენტების ადაპტირება-ვალიდაციის მიმართულებით.