ავტორის შესახებ
ქეთევან კვესელავა ( დ. 12 ივლისი, 1974 ) – 2004-2006 წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის მაგისტრატურაში, 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჯერ დოქტორანტი, ხოლო შემდეგ ასისტენტ-პროფესორია. აქვს გამოცდილება კომპიუტერული ლინგვისტიკის სფეროში, მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში ქართველ და უცხოელ ლინგვისტებთან ერთად (მაგ., არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიაში წარმართავდა უდიურის, როგორც ერთ-ერთი მთის კავკასიური ენის, მორფოლოგიური და სინტაქსური ცოდნის ბაზის შექმნას (ერთობლივი კოლექტიური ნაშრომი ემყარება ქართული ზმნის კონცეპტუალურ მოდელს, მ. მინსკის ფრეიმთა თეორიაზე დამყარებულს, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღია სისტემას როგორც ვირტუალური ფორმების საწარმოებლად ზმნის გაფართოებული პარადიგმის აღწერის თვალსაზრისით). ნაშრომის ძირითადი პოსტულატები (უდიური ენის მორფოლოგიისა ცოდნის ბაზა და სხვ.. მოხსენდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიასა და ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებას, ასევე კიოლნისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტების შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს. არის თხუთმეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2012 წლის 17 აპრილს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი.