ავტორის შესახებ
მიხეილ სააკაშვილი ( დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი ) – თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი, პრეზიდენტი.
დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1992 წელს, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტი 1993 წელს, კოლუმბიის (აშშ) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 1994 წელს, 1994-1996წწ. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, დოქტორანტი. მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში "Patterson, Belknap, Webb & Tyler"; 1995-1999 წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან; 2000-2001წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2001 წლის ოქტომბერს კენჭი იყარა ვაკის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად და კვლავ გახდა საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი; 2002-2003წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 2004-2007წწ. და 2008-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტი; 2015 წელს უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე; პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტეფტის უნივერსიტეტში დაიკავა მისთვის დაწესებული აკადემიური თანამდებობა (Senior Statesman); 2014 წელს ნიუ-იორკში მან ახალი ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტი დააარსა; 2014 წლის ზამთარში აქტიურად იყო ჩაბმული უკრაინის მაიდანზე განვითარებულ მოვლენებში; 2015 წლის 13 თებერვლიდან დაინიშნა რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად; 2015-2016წწ. ოდესის ოლქის (უკრაინა) გუბერნატორი; მიღებუილი აქვს სხვდასხვა ქვეყნის ჯილდოები, მათ შორის: ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან "წლის ევროპელის" ყოველწლიური პრემია (2004), უკრაინის "წლის ადამიანის" წოდება (2005), დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის მშვიდობის პრემიაზე (2005), ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის პრიზი "კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის" (2005), ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება (2006), საპატიო მედალი "10 წელი ასტანაში" (2008), სომხეთის ღირსების ორდენი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორის წოდება (2009), "კაზიმირ პულასკის ფონდის" (ვარშავა) "თავისუფლების რაინდის" ჯილდო (2014). 2020 წლის 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი.