მეორე მსოფლიო ომიდან ახლახან დაბრუნებული ნოა კოლჰუნი სამხრეთში საკუთარ პლანტაციას უვლის. მას გრძელი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს - იმის მიუხედავად, რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, ნოას არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე. ელის დაკარგვის შემდეგ ნოა მხოლოდ მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას მანამ, სანამ ელი მოულოდნელად არ დაუბრუნდება მშობლიურ ქალაქს. „დღიური“ ნიკოლას სპარქსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, მისი ავტორი კი ხმაურიანი დებიუტის წყალობით სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა. ნიკოლას სპარქსის ეს რომანი პაზლივით აწყობს ელისა და ნოას სასიყვარულო ისტორიას და ამხელს მის დაფარულ მხარეებს. 2004 წელს წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.