,,ლიტერატურა ხელოვნებაა და ის ადამიანებს იზიდავს, აინტერესებს. ლიტერატურა სიამოვნებაა, თუმცა ყოფა-ცხოვრება კითხვისთვის სულ უფრო ნაკლებ საშუალებას იძლევა. ამ რეალობასთან შეგუებასა და შეწყობაზე კულტურის ინდუსტრია მუშაობს, რომ არც მკითხველი დარჩეს დაზარალებული და არც ლიტერატურა. თუმცა უდანაკარგო არაფერია; ეს სოციოლოგიისა და საჭირო დისკუსიების თემაა... მაგრამ ლიტერატურის სწავლისას სხვა საკითხები დგება. აქ აღარ კმარა, რომ ლიტერატურა სიამოვნებაა და სიამოვნება გაგებას ნიშნავს. ესთეტიკური ჰედონიზმი ცოდნის გარეშე არც ესთეტიკურია და არც ჰედონიზმი. ამიტომ, როცა ფილოლოგია პროფესიული არჩევანია, სიამოვნება უნდა დავივიწყოთ, რაც იმას ნიშნავს, უფრო გავაღრმავოთ იგი; ესე იგი, სიტყვის არსი და ცოდნა იქცეს სიამოვნებად, რომელსაც აზროვნების ღრმა და იდუმალ სივრცეებს გამოვტაცებთ. ამ წიგნის მიზანია, მომავალ ფილოლოგებს, ასევე ლიტერატურის მოყვარულებს, ამ საქმეში გამოადგეს" – ნანა ტრაპაიძე.