ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა,„ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია. 1991 წელს რომანი გამომცემლობა Vintage -მ გამოსცა, 2000 წელს კი, მერი ჰარონის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციის გამოსვლის შემდეგ, „ამერიკელი ფსიქოპათი“ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ბრეტ ისტონ ელისის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად 1980-იანი წლების ამერიკაში ხდება, მთავარი თემა კი მომხმარებლური კულტურა და გართობის ინდუსტრიაა, როგორც ამ პერიოდის აშშ-ის მთავარი სიმბოლო. სწორედ აღნიშნულ დროით და სივრცით გარემოში ვითარდება „ამერიკელი ფსიქოპათის“ სიუჟეტიც.