ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები საინტერესო მწერლის თვალით.