ნაშრომში შესწავლილია გვიან ანტიკური ხანის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის პიტიუნტის (ბიჭვინთა) ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული გლიპტიკური ძეგლები. განხილულია რომის იმპერიის სხვადასხვა ცენტრებში დამზადებული ჭრილაქვები და მათთან შეჯერებით შესწავლილია პიტიუნტის ტერიტორიაზე დაფიქსირებული საბეჭდავი ბეჭდების ფორმები, გემებისათვის გამოყენებული ქვის ფორმები და მასალა. გლიპტიკური მასალის ანალიზის საფუძველზე დადგენილია გლიპტიკური ძეგლების ადგილი და როლი ბიჭვინთის მოსახლეობის ცხოვრებაში, განსაზღვრულია ჭრილაქვებზე დატანილ გამოსახულებათა შინაარსი. გაანალიზებულია ბიჭვინთის მოსახლეობის რელიგიური კუთვნილება. ნაჩვენებია პიტიუნტის ეკონომიკური და კულტურული კავშირი ანტიკურ სამყაროსთან.