ოთარ ჩხეიძის ტრილოგია XX საუკუნის 90-იანი წლების მხატვრული მატიანეა. მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად რთული იყო „მოთვინიერებული მწერლობის“ ჩარჩოებიდან თავის დაღწევა და მართალი გზის გაკაფვა, მწერალი არ გატყდა და როგორც ილია ჭავჭავაძის სულიერმა მემკვიდრემ, იღვაწა მრწამსით: „დროზე მაშინ ითქმის, როცა გიკრძალავენ“. ნესტან ფიფია თავის წიგნში სიღრმისეულად და დეტალურად აანალიზებს ოთარ ჩხეიძის პროზას. ნაშრომში სხვადასხვა ასპექტით განხილულია ტრილოგია – არტისტული გადატრიალება, ბერმუდის სამკუთხედი, თეთრი დათვი, თუმცა გათვალისწინებულია მისი რომანების მთელი ციკლის („მატიანე ქართლისა“) კონტექსტი. მკვლევარი მიზნად ისახავს ოთარ ჩხეიძის რომანების სტრუქტურული თავისებურების, მხატვრული ქარგის, შემოქმედებითი მიგნებების, სიტყვისადმი დამოკიდებულებების ახსნას. მწერლის მიერ ეპოქის სულის გამოხატვას სახისმეტყველებითი და ჰერმენევტიკული მეთოდებით იკვლევს. ნესტან ფიფიას მონოგრაფიაში კარგადაა წარმოჩენილი ოთარ ჩხეიძის შემოქმედებისა და მისი მწერლური თუ მოქალაქეობრივი პოზიციის მნიშვნელობა როგორც სალიტერატურო, ისე დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვის.