მერაბ მამარდაშვილი უეცრად გარდაიცვალა 1990 წლის ნოემბერში. დარჩა მისი ლექციების სამაგნიტოფონო ჩანაწერები. მას განზრახული ჰქონდა, ამ ფირების გაშიფვრის შემდეგ მიღებული ტექსტი გადაემუშავებინა და წიგნად გამოეცა. ცხადია, იგი ამ მასალაში საფუძვლიან შესწორებებს შეიტანდა. ჩვენ, მისი ლექციების გამომცემელთ, ამის უფლება, ბუნებრივია, არ გვქონდა. ჩვენი მიზანი იყო, მოგვემზადებინა ტექსტი ავტორისეული სტილისა და ცოცხალი საუბრის ელფერის შენარჩუნებით. ზოგიერთი ჩანაწერი დაზიანებული აღმოჩნდა, დაიკარგა პირველი ლექციის დასაწყისი.
წიგნში შეტანილია, აგრეთვე, ტექსტი ბატონ მერაბის გამოსვლისა ფიზიკის ინსტიტუტის აუდიტორიის წინაშე. ჩვენ იგი წიგნის თავში მოვაქციეთ. გფიქრობთ, სწორედ ამ გამოსვლით უნდა დაიწყოს მკითხველმა წიგნის გაცნობა.