საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მრავალი უცხოელი მოგზაური ეწვია. სწორედ მათი დატოვებული ჩანაწერებიდან ამოკრებილი ფრაგმენტებია თავმოყრილი წიგნში. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის XV-XVII საუკუნეები ურთულესი პერიოდია. ამ დროს მოხდა ერთიანი საქართველოს დაშლა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად და საგარეო და საშინაო პირობების მკვეთრად გაუარესება. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპელი მოგზაურებისა თუ მწერლების ჩანაწერებს. მოგზაურთა უმეტესი ნაწილი დაჯილდოებულია დაკვირვების უნარით და ისინი საინტერესოდ აღგვიწერენ ქართველების ცხოვრების წესსა და ზნე ჩვეულებებს. მათ შემოგვინახეს ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც სხვა მხრივ ჩვენთვის დაკარგული იქნებოდა. ბუნებრივია, მათ ჩანაწერებში იკვეთება ნეგატიური მოსაზრებებიც, რაც ასევე საყურადღებოა. ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების თვალით დანახული საქართველო ხშირად ახალ ჭრილში წარმოგვიდგება.