კრებულში თავმოყრილი ესეები ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებში 2006-2016 წლებში ქვეყნდებოდა. მათი უმრავლესობა დაწერილია ემიგრაციაში ყოფნის დროს მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ დაასრულა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ უფლებადაცვითი საქმიანობა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. წიგნს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ათწლიანი პერიოდის ერთგვარი სარკეა, ორი მთავარი თემა აქვს – სამართლიანობა და თანასწორობა. სხვადასხვა საზოგადოებრივი მოვლენისა თუ საჭირბოროტო საკითხის შესახებ დაწერილ სტატიებს, ბლოგებსა და პორტრეტებს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა ხმაურიანი დისკუსია და საჯარო დებატები. სახელმწიფო და საზოგადოება, მეხსიერება და წარსულის ტრავმები, სახელმწიფოსა და ელიტების როლი და პასუხისმგებლობა, გენდერული თანასწორობა – ეს და სხვა თემები კრებულს აქტუალურობას დღესაც არ უკარგავს.