ანტიკურ საზოგადოებათა შორის ძველი რომის სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. რომში ჩამოყალიბდა ყველაზე განვითარებული კლასიკური მონათმფლობელური ურთიერთობა. რომმა შეითვისა ბერძნულ-ელინისტური კულტურა. განავითარა იგი და მემკვიდრეობად დაუტოვა ევროპას. საუკუნეთა მანძილზე რომის სახელმწიფო მსოფლიოში უმთავრესი იყო, მის პოლიტიკურ გავლენას ემორჩილებოდა მრავალი ხალხი როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. რომის სახელმწიფოში წარმოქმნილი საზოგადოებრივი წყობილება, პოლიტიკური ინსტიტუტები საფუძვლად დაედო ბევრი ხალხის საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებას მრავალი ქვეყნის ისტორიული ცხოვრება საუკუნეების მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული რომთან... და სწორედ ამით აიხსნება ის უდიდესი ინტერესი, რომელსაც მსოფლიოს ისტორიოგრაფია ანტიკური რომის, მისი ისტორიის ცალკეული ეტაპების შესწავლისადმი იჩენს.