ძირითადი თუ დამხმარე სახელმძღვანელოს ერთი არსებითი ფუნქცია სწორედ გამორჩეულ შემოქმედთა მემკვიდრეობის მრავალი კუთხით სწავლებაა. ამ დროს პედაგოგის ამოცანა არის მიმართვა როგორც მოწაფეების მთელი ჯგუფისადმი, ასევე ცალკე აღებული თითოეული მათგანისადმი. ძველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები არ იკითხება მხოლოდ სიძველის გამო, ისინი არ არიან მხოლოდ ნაშთნი ძველი დიდებისა, სამუზეუმო ექსპონატები; ძველი თხზულებები ესთეტიკურ სიამოვნებასაც გვანიჭებენ. სწორედ ამის ჩვენებისა და გადმოცემის სურვილით იწერებოდა ეს წიგნი.
მისი შექმნიდან თითქმის სამი ათეული წელი გავიდა. ეს ამ სახელმძღვანელოს მესამე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემაა. წლების მანძილზე იქმნება ახალი გამოკვლევები, ახალი მეთოდოლოგიური ნაშრომები, ყალიბდება ახლებური ხედვები და განახლებული კონტექსტებიც ჩნდება. სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით ორჯერ (2007 და 2019 წლებში) განახლდა „საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე“. ისევე როგორც მეორე გამოცემა, ესეც შეივსო ახალი კითხვებითა და დავალებებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ძველი ქართული მწერლობის ძეგლების არა ერთი ასპექტით გაანალიზებაში, დაეხმარებიან, ამ მეთოდოლოგიით დასვან სხვადასხვა ხასიათის კითხვები, გამოიმუშაონ ლიტერატურულ-ესთეტიკური აზროვნების, მსჯელობისა და წერის უნარ-ჩვევები. „საუბრებს“ ერთი მიზანი ჰქონდა და აქვს – მოსწავლეებს არა მხოლოდ ინფორმაცია გადასცეს, არამედ ასწავლოს რაციონალური ფიქრი და ესთეტიკური ხიბლის აღქმა.
ამ წიგნმა რამდენიმე ათეულ წელს გაუძლო, რაც, ბუნებრივია, მისი ავტორებისათვის დიდი პატივია. როგორც ყოველთვის, ისინი ახლაც მადლიერებით მიიღებენ დასაბუთებულ შენიშვნასა თუ წინადადებას, არგუმენტირებულ მოსაზრებას.