"საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის სწრაფვას ევროპისა და დასავლეთისაკენ ისტორიული ფესვები აქვს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ევროპეიზმი რამდენიმე ძირითად ღირებულებას ეფუძნება. ეს არის: ანტიკური ფილოსოფია და ბერძნულ-რომაული სამართალი, ქრისტიანობა და ევროპული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი მიწისმფლობელობის წესი.
ყოველივე ეს საკუთრების ხელშეუხებლობას განაპირობებდა და პიროვნების თავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროები და მატერიალური ძეგლები ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართული საზოგადოება არამარტო ნაზიარები იყო ზემოხსენებულ ღირებულებებთან, არამედ თავად
მონაწილეობდა მათ შექმნასა და დამკვიდრებაში. ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წინაპარი კულტურულ-პოლიტიკურად და სოციალურ-ეკონომიკურად ჭეშმარიტი ევროპელი იყო".