ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გზა გოლგოთისკენ

გამოცემის წელი1992
გამომცემლობამერანი

წინამდებარე ნაწარმოების ემოციურ აღქმას ხელი რომ არ შეშლოდა, იქნებ ჯობდა, ეს მცირედი ახსნა-განმარტება ბოლოში მოგვექცია. მაგრამ გამოცდილება გვიკარნახებს, რომ სხვადასხვაგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნება, ზოგი რამ წინასწარვე, წიგნის ხელში აღების უმალვე ითქვას.
თავისი მხატვრული აღნაგობით „გზა გოლგოთისაკენ“ პროზის ყველა სხვა ჟანრზე უფრო რომანს უახლოვდება, მაგრამ მისი შინაარსის სპეციფიკურობის გამო, მე მაინც „ამბავი“ ვამჯობინე, повесть, როგორც რუსები იტყვიან, და ამით, ვგონებ, არაფერი დაშავდეს. უმთავრესი სპეციფიკურობა წინამდებარე ნაწარმოებისა ის გახლავთ, რომ იგი მთლიანად ეყრდნობა აქამდე უკვე არსებულ და ორი ათასი წლის განმავლობაში გავრცელებულ ქმნილებებს მახარობელთა კალამს რომ ეკუთვნის და, მიუხედავად მათი აღმსარებლობითი ხასიათისა, გარკვეულ მხატვრულობას არც ერთი მათგანი არ არის მოკლებული. ამდენად, „გზა გოლგოთისაკენ“", თუ შეიძლება ასე ითქვას, მეორეული ნაწარმოებია, უკვე არსებულის და დაკანონებულის მხატვრული ანარეკლია.
ავტორი შეეცადა, რაც მახარებლებმა: მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ ამბისა და მოძღვრების სახით გადმოგვცეს, თავისი შესაძლებლობის კვალობაზე პროზის ენაზე ეთარგმნა და, ამგვარად, ყოველივე ამისათვის მხატვრული სახე მიეცა.
მიზანი ერთია: ბიბლიური ისტორია მკითხველისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისათვის, ქრისტიანულ მოძღვრებას ახლა რომ ეწაფება, რათა მისი ცხოველმყოფელი იდეებით განიმსჭვალოს და ჰუმანური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს, უფრო მისაწვდომად, უფრო ხელშესახებად იქნეს მოწოდებული.
ცნობილია, რომ თავისი კომპოზიციური არქიტექტონიკით და ინფორმაციის შემცველობით ოთხთავის ტექსტები ერთმანეთს არ ემთხვევა. არამცთუ არ ემთხვევა, ხშირად ერთი მეორეს კიდევაც გამორიცხავს. აქ ყველასათვის საერთო და კანონიკურია თვით მოძღვრება ქრისტესი, სულისკვეთება, რომელიც ოთხივე თხზულებაში სუფევს. ამიტომაც ვერ ჩავთვლით იოლად გზას, რის გავლაც, ავად თუ კარგად, ავტორს მოუხდა. მას ჯერ უნდა აეშენებინა მხატვრული ქმნილების კარკასი, რის მასალადაც ოთხივე სახარება უნდა გამოეყენებინა, ზეაღმავალი დრამატიზმის კანონების მიხედვით დაელაგებინა ეპიზოდები და, პროზაიკოსის ჩვეულებრივი მუშაობისაგან განსხვავებით, მხოლოდ ამის შემდგომ შესდგომოდა სახეებისა და კოლიზიების მხატვრულ მეტამორფოზას, მხატვრულად გარდაქმნას.
წიგნში, არცთუ იშვიათად, შეგხვდებათ ტექსტებიდან ციტირებული ადგილები, ეს სწორედ ის ადგილებია, რომელთაც, იმის შიშით, რომ აზრი არ შელახულიყო, „მხატვრული გარდაქმნა ვერ მოუხერხდათ და, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთგვარ ენობრივ-სტილისტიკურ რედაქტირებას, წიგნში თითქმის უცვლელად გადმოვიდნენ.
ავტორს არა სურს ვინმემ იფიქროს, თითქოს ამ ციტირებულ ადგილებს და მთლიანად წიგნში მოთხრობილ საყოველთაოდ ცნობილ ამბავს ის იჩემებდეს, თავისად თვლიდეს. მას თავის ამოცანად მხოლოდ ამ ამბის მხატვრული დამუშავება მიაჩნდა, რაც კიდევაც შეასრულა და ახლა ამ წიგნის სახით თქვენს ხელთაა.
შეუძლებლად მივიჩნიე წინწკლების ხმარება ტექსტების ციტირების დროს და სათანადო წყაროს მითითება, ვინაიდან მხატვრულ ნაწარმოებს, როგორადაც „გზა გოლგოთისაკენ« გვევლინება, ეს თავის უშუალო დანიშნულებას დაუკარგავდა, პროკრუსტეს სარეცელზე დააწვენდა და მიზანი მიუღწეველი დაგვრჩებოდა.
ნაწარმოებზე მუშაობის დროს ვსარგებლობდი ოთხთავის ახალი თარგმანით, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით „ბიბლიის“ საერთო სათაურით გამოსცა საქართველოს საპატრიარქომ. ბუნებრივია, ვიყენებდი ძველ თარგმანებსაც, კერძოდ, 1963 წელს საკათალიკოსო საბჭოს მიერ გამოცემულ კრებულს „ახალი აღთქმაჲ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი“, აგრეთვე ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტის კიდევ ერთ ახალ თარგმანს, რომელიც 1980 წელს გამოვიდა სტოკჰოლმში. ამავე ინსტიტუტის მიერ 1987 წელსაა გამოცემული რუსული სამტომეული, „ბიბლიის განმარტებანი“. ამ თერთმეტგანაკვეთიანი უზარმაზარი ნაშრომის მესამე ტომი მთლიანად მახარებლების თხზულებებს და მოციქულთა ეპისტოლეებს ეძღვნება.
„ბიბლიის განმარტებათა“ პირველი გამოცემა პეტერბურგში განხორციელდა 1904-1913 წლებში ა. პ. ლოპუხინისა და მისი მემკვიდრეების რედაქციით.
ეს წიგნი მე შეძლების კვალობაზე გამოვიყენე ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და სხვა ხასიათის ცნობების დაზუსტებისა და აგრეთვე სახარების ცალკეული ადგილების აზრობრივი მხარის გაშიფვრის დროს.
„გზა გოლგოთისაკენ“ ერთადერთი წიგნი არ არის, რომელიც იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებას და ამქვეყნიურ მოღვაწეობას ეძღვნება. ამ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ლიტერატურის საყოველთაოდ აღიარებულმა დიდოსტატებმა. ზოგი წიგნი ბოლო დროს ქართულადაც ითარგმნა და სულიერ საზრდოს მოწყურებული ჩვენი მკითხველი ხარბად დაეწაფა.
თუ ეს წიგნი რაიმე, თუნდაც სულ მცირეოდენ სარგებლობას მოუტანს თანამემამულეთა სულიერ სრულყოფას, ავტორის მიზანი, რისთვისაც გაისარჯა, საბოლოოდ მიღწეული იქნება.

ავტორი