ნარკვევი ეძღვნება ქართული ეკლესიის ისტორიის ერთ საინტერესო საკითხს, კერძოდ მის სამისიონერო მოღვაწეობას XIX საუკუნეში. ამ დროს იგი რუსეთის სინოდს ემორჩილებოდა. ცარიზმი ყოველნაირად ცდილობდა გაერუსებინა საქართველო და ამ მიზნის მისაღწევად ეკლესიასაც იყენებდა. რუსეთის მთავრობამ კავკასიაში თავისი რუსიფიკატორული პოლიტიკის რეალიზაციის დასაჩქარებლად თავდაპირველად დააარსა „ოსეთის სასულიერო კომისია“, რომლის ბაზაზე XIX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა „კავკასიაში მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სარწმუნოების აღმდგენელი საზოგადოება“. მის მიზანს ძირითადად სამისიონერო საქმიანობა შეადგენდა. იგი აარსებდა სკოლებს, რომლებშიც აღზრდილი კადრები ცარიზმს უნდა დახმარებოდა კავკასიის დამორჩილებაში.