წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტების კრებულს, რომელიც ასახავს 1821-1920 წლებში იმერეთში საეკლესიო გალობის მდგომარეობას. წარმოდგენილი მასალები, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა პირველად ქვეყნდება და შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში, თემატურად მრავალფეროვანია - ისინი მოგვითხრობენ, როგორც საეკლესიო გალობის ზოგად საკითხებზე, ასევე ცალკეულ მგალობლებზე და მგალობელთა გუნდებზე, საეკლესიო გალობის სწავლებაზე, საგალობლების ნოტების გადაღებაზე და სხვა.