,,ყველა ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ამ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, ცვლილება ახასიათებს. არსად, არც ერთ ქალაქში არაფერია სტატიკური, გაყინულ-გაშეშებული, მაგრამ ცვლილებაცაა და ცვლილებაც – ალბათ ძნელად მოიძებნება ქალაქი, რომლის ისტორიულ ცენტრს, უკვე ჩამოყალიბებულ განაშენიანებას იმდენი ჩარევა განეცადოს, რამდენიც 1921 წლის მერე დაიწყო და დღემდე გრძელდება თბილისში. უბნები, მოედნები, ქუჩები, ხიდები, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის საკულტო ნაგებობები საბჭოთა ხელმძღვანელებისა და დამოუკიდებელი საქართველოს მმართველების ხშირად აკვიატებულ ურბანულ ხედვებსა და გემოვნებას შეეწირა. ეს წიგნი სწორედ ამ სახეცვლილებებზეა, იმ ადგილებსა და ნაგებობებზე, რომლებიც იყო თბილისში და ძალიან შეიცვალა, ან სულაც გაქრა და მხოლოდ ფოტოებზე შემორჩა".