ძველი ქართული და უცხოენოვანი წყაროების ანალიზის საფუძველზე ნაშრომში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების“ ავტორი ჯუანშერი თვით ვახტანგ გორგასლის (გარდ. 491 წ.) თანამედროვე და მის მიერ აღწერილი ამბების თვითმხილველი უნდა ყოფილიყო. ჯუანშერის ცნობების სხვა საისტორიო წყაროებთან შეჯერების საფუძველზე დადგენილია ვახტანგ გორგასლის და მისი ოჯახის წევრთა ცხოვრების წლები, გარკვეულია ჰუნებისა და ბიზანტიელთა წინააღმდეგ (ირანელებთან ერთად) ვახტანგ გორგასლის ლაშქრობის მარშრუტი, დადასტურებულია დღემდე ანაქრონიზმად ან არარეალურად მიჩნეული ზოგიერთი ცნობის სანდოობა. ავტორის დასკვნით, ჯუანშერის თხზულება სანდო საისტორიო წყაროა არა მარტო V ს.
ქართლის სამეფოს, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიისათვისაც.