წინამდებარე მონოგრაფია წარმოადგენს ქართველური ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიის, უარყოფის, მიხედვით. უარყოფა სხვა უნივერსალური კატეგორიებისაგან იმით განსხვავდება, რომ წარმოიქმნება მტკიცებითი აზრის უარყოფით, თუმცა მისი ერთ-ერთი სემანტიკური მახასიათებელი მტკიცება-დადასტურების გამოხატვაცაა. აქედან გამომდინარე, უარყოფა რთული კატეგორიაა, რომელიც სხვადასხვა ენობრივ დონეზე გამოიხატება და წარმოაჩენს ფუნქციურ-სემანტიკურ მრავალფეროვნებას.

