1924 წლის პოლონელმა ნობელიანტმა ვლადისლავ რეიმონტმა პირველივე პუბლიკაციების შემდეგ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ლიტერატურისმცოდნეები მის 1911 წელს გამოცემულ რომანს ვამპირს (ქართულ თარგმანში პანტერა) მოიხსენიებენ, როგორც გოთურ რომანს. ამ ჟანრის ნაწარმოებების სიუჟეტი მოითხოვს ბოროტი ძალის (უარყოფითი პერსონაჟის) არსებობას. ეს ბოროტი პერსონაჟი იმდენად თვითმყოფადი და საინტერესოა, რომ იოლად ახერხებს რომანის მთავარი გმირის „გაძევებას”, იძენს უსაზღვრო ძალაუფლებას და მკითხველის მხრიდან ყურადღებასაც იმსახურებს.