ნაშრომში განხილულია ცვლილებები, რომლებიც ხდება მეტყველების ნაწილთა კატეგორიებში. ზოგადი არსით ეს კატეგორიები არსებითად უცვლელია ქართულ ძეგლებში ხანმეტი პერიოდიდან დღემდე, მაგრამ სერიოზული ცვლილება განიცადეს გამოხატულების პლანში. ცვლილება შეეხო ელემენტთა ღირებულებასაც სხვა გრამატიკულ ელემენტებთან კავშირის გაზრდის ან დავიწროების კვალობაზე. აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი საენათმეცნიერო ლიტერატურაში. მათი განხილვისას არსებითად მიგვაჩნია კითხვა რატომ მოხდა ცვლილება? დასმული კითხვის პასუხი მორფონოლოგიურ ცვლილებათა და მორფოსინტაქსურ გარდაქმნათა მიზეზების გახსნით უნდა გამოვლინდეს. ვცადეთ, ქართული ენის მკვლევართა ნააზრევზე დაყრდნობით გვეპასუხა ამ რთულ, მაგრამ არსებით კითხვაზე. ზმნათა პარადიგმებში განხორციელებულ ენობრივ ცვლილებათა მესამე მიზეზის ფართო მასშტაბით წარმოდგენის ცდაც არის ნაშრომში, რის ჩვენებასაც ვცდილობთ აღმოსავლეთი საქართველოს მთის დიალექტებისა და ძველი ქართულის კლასიკური პერიოდის (IX-X სს) ზმნათა უღლების II სერიის ე. წ. „შერეული“ ფორმების შესახებ მსჯელობაში.