ნაშრომი შედგება 7 თავისაგან. პირველ ნაწილში წარმოდგენილია დამწერლობის განვითარების ზოგადთეორიული საკითხები, განხილულია მისი ევოლუციური ასპექტები, დამწერლობათა ტიპების (ლაპიდარულის, კურსივის, ასევე მისი ნაირსახეობების) ჩამოყალიბების, განვითარების და ურთიერთმიმართებათა საკითხები. მეორე თავი შეეხება უძველეს არამეულ წარწერებს. მასში განხილულია ფინიკიურიდან მომდინარე არამეული დამწერლობის განვითარების მთავარი ტენდენციები და მის დამოუკიდებელ დამწერლობად (არამეულ კურსივად) ჩამოყალიბების გზები, ამ პროცესის ქრონოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრით. მესამე თავში განხილულია არამეული დამწერლობის განვითარების საკითხები ჩვ. წ-მდე მეშვიდე და მეექვსე საუკუნეებში, სათანადო მასალის განხილვით და გრაფემათა პალეოგრაფიული ანალიზით. შემდეგი თავები ეძღვნება ძველი არამეული დამწერლობის ნიმუშების განვითარებას ქრონოლოგიური თანამიმდევრობით – (მეოთხე თავი – არამეული კურსივი ჩვ.წმდე მეხუთე საუკუნეში; მეხუთე – არამეული კურსივი ჩვ. წ-მდე მეოთხე და მესამე საუკუნეებში). მეექვსე თავში განხილულია არამეული ლაპიდარული დამწერლობა, ხოლო ძველი არამეული დამწერლობის განვითარების შედარებით ასპექტებსა და შემაჯამებელ ანალიზს ეძღვნება ბოლო, მეშვიდე თავი.