მიხეილ ჩიქოვანის წინამდებარე წიგნის გამოსვლით, რუსთველის სახელობის ლიტერატურის სამეცნიერო-საკვლევო ინსტიტუტი საფუძველს უყრის ქართული ფოლკლორისტიკის ცალკეულ საკითხთა კვლევა-ძიებას. „ხალხური ვეფხის-ტყაოსანი“ მხოლოდ პირველი საფეხურია იმ დიდი მუშაობისა, რომელიც უნდა გაიშალოს შოთას პოემის ხალხური ვარიანტების დაგროვებისა და შესწავლის საქმეში.
მეცნიერული რუსთველოლოგიის თვალსაზრისით, „ხალხური ვეფხის-ტყაოსნის" სხვადასხვა ვარიანტების, მათი განვითარების ცალკეული სტადიების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტოლოგიური პრობლემის და აგრეთვე პოემის ენობრივი თავისებურების გადაწყვეტის საქმეშიაც, რომლის ირგვლივ დღეს მუშაობს რუსთველოლოგია, ხალხურ ვარიანტებსაც შეაქვს თავისი წვლილი.
მიხეილ ჩიქოვანის „ხალხური ვეფხის-ტყაოსანი“ ორიგინალური ნაშრომია, მასში თავმოყრილია მდიდარი ტექსტოლოგიური მასალები, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებიდან და ამ კონკრეტული მასალების ნიადაგზე, ავტორი იძლევა მეტად საინტერესო თეორეტიულ განზოგადოებებს, ხალხური და მწიგნობრივი პოემა-რომანის ურთიერთობის პრობლემის ახსნაში.
პროფ. ალ. დუდუჩავა
1937