თემატიკის მრავალფეროვნების პრინციპითაა შედგენილი ვალერიან გაბაშვილის სტატიების კრებულის II ტომიც. ნაჩვენებია ივ. ჯავახიშვილის ღვაწლი საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის განვითარებაში, მათ შორის ქართულ-აღმოსავლურ ურთიერთობათა კუთხით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ომამდე და ომის შემდეგ (1939-1948 წწ.) პერიოდში შესწავლილია აღმოსავლეთმცოდნეობის მდგომარეობა და ინტერესები. ძველ ქართულ წყაროებში დაცული ცნობების მიხედვით განმარტებულია ტერმინი „თურქი“, გარკვეულია საქართველოს თურქულ ტომებთან ურთიერთობების დრო და პირობები. სათანადო ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია XI-XII სს, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებისა და ქალაქების ეკონომიკური აღმავლობის მიზეზები, უარყოფილია დასავლეთის მეცნიერთა აზრი ამ ეპოქაში კაპიტალიზმის არსებობის თაობაზე, მონღოლთა ბატონობის ხანგრძლივობის დაზუსტებისას აღნიშნულია 1335 წლის შემდეგ მათი ბატონობის ეპიზოდურობა. საქართველოში დაცული XVI-XVII სს. მრავალრიცხოვანი დოკუმენტური მასალა წარმოჩენილია, როგორც უძვირფასესი წყარო სპარსული დიპლომატიკის შესასწავლად. ჟამთააღმწერლის ცნობები (XIV ს.) გაანალიზებულია, როგორც წყარო საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკვლევად სულხან-საბას დიპლომატიური მოღვაწეობა საქართველოსა და მაშინდელ მსოფლიოში საერთაშორისო მოვლენების შუქზეა განხილული. გაანალიზებულია ვახუშტი ბაგრატიონის, როგორც ისტორიკოსის ღვაწლი, მის მიერ ევროპული სამეცნიერო მიღწევების ცოდნა, ასევე ევროპელ და რუს მეცნიერთა მიერ ვახუშტის შრომებისა და რუკების გამოყენების მნიშვნელობა XVI-XVII სს. თბილისის ეკონომიკური აღმავლობა ახსნილია ამიერკავკასიასა და აღმოსავლეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებით, არაბულ-მუსლიმური კულტურის თავისებურებანი (VII-X სს) დაკავშირებულია ადრეფეოდალურ ხანასთან და განხილულია, როგორც განვითარებული ფეოდალიზმის - სპარსული მუსლიმური კულტურის (XI-XII სს.) წინარე პერიოდი.