ვალერიან გაბაშვილის სტატიების III ტომში აღმოსავლური და ქართული წყაროების მიხედვით დასმული და გაანალიზებულია V-XVIII საუკუნეების ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის პრობლემები, ამ ორი სამყაროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. საქართველოში დაცული ქართული წყაროების მნიშვნელობის ჩვენებით, მათზე დაყრდნობით, წარმოდგენილია XI - XII საუკუნეების აღმოსავლეთი. შუა საუკუნეების აღმოსავლური და ქართული წყაროების მიხედვით შესწავლილია ახლოაღმოსავლური ქალაქი, საქალაქო ცხოვრება, საქალაქო ორგანიზაცია (ასაბია), ხელოსანთა გაერთიანებები (ასნაფი). მოცემულია შუა საუკუნეების ახლოაღმოსავლეთის ქალაქის პერიოდიზაციის ცდა.
აღმოსავლური ურბანისტული ტერმინის ,,რინდის" საფუძველზე ახლებურადაა გააზრებული ლაშა-გიორგის პიროვნება, XI-XII საუკუნეების თბილისის სოციალური სინამდვილე. გარკვეულია 1122-1123 წლების მოქალაქეთა ამბოხების რეალური შინაარსი XVIII საუკუნის II ნახევრის ქართულ დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით განიხილება ახლოაღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორია. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ქალაქები გამოკვლეულია ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო ურთიერთობათა შუქზე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველადაა დასმული საქართველოში შუა საუკუნეების ბაზრის შესწავლის საკითხი. არტანუჯისა და უჯარმის მიხედვით გაანალიზებულია რაბადის მნიშვნელობა, რომლის დადასტურებაც IX-X საუკუნეებში საქართველოში ფეოდალური ქალაქის წარმოშობას უკავშირდება. დადგენილია „შუშანიკის წამებაში” მოხსენიებული სპარსთა მეფის ვინაობა.