წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ის ძირითადი თემატიკა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული სახელმწიფო ენაზე სწავლებასა თუ, საზოგადოდ, ქართული ენის პრაქტიკულ ფუნქციონირებასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების არსებითად ყველა სპეციალობაზე. ქართული მეტყველების კულტურის – როგორც მართლწერისა და მართლმეტყველების, ისე სპეციალური ენებს ფლობის – მრავალფეროვანი ნორმატიული საკითხებიდან შეირჩა მხოლოდ ის არსებითი მოვლენები და ტენდენციები, რომელთა აქტუალობა და სიმწვავე ქართული სალიტერატურო ენის განვითარების უახლეს ეტაპზეც არ შენელებულა (ზოგჯერ კი გაძლიერდა კიდეც). სახელმძღვანელოს უპირველეს ყოვლისა აქვს პრაქტიკული პედაგოგიური მიზანდასახულება; ის სამსახურს გაუწევს საგნის სპეციალისტებს, სტუდენტებსა და სათანადო საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.