ნიკო ნიკოლაძის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის მეცხრე ტომში 1887-1889 წლებში შექმნილი პუბლიცისტური წერილები შევიდა. ეს ის პერიოდია, როცა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ერთ-ერთი გამომცემელი და ფაქტობრივი რედაქტორი თვითონ იყო.
ნიკო ნიკოლაძის მეცხრე ტომში გაერთიანებული პუბლიცისტური წერილები, როგორც მსოფლმხედველობით ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით, აგრძელებს იმ გზას, რაც მან ჯერ კიდევ „ობზორში“ დაისახა მიზნად. ესაა აქტიური ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიური განვითარებისათვის, იმ სიახლეების დადებით-უარყოფით მხარეთა მკითხველამდე დაყვანა, რომელიც ბატონყმობის გაუქმებამ და იმპერიაში ამის გამო შექმნილმა ახალმა საზოგადოებრივმა ურთიერთობებმა გამოიწვია. მას სურდა მშობლიური ქვეყნის მკვიდრთ ფეხი აეწყოთ სიახლისათვის, კარგად გაეაზრებინათ იგი და მთელი არსებით ჩაბმულიყვნენ სასიკეთო საქმეთა განხორციელებისათვის ბრძოლაში.