ავთანდილ ნიკოლეიშვილის ლიტერატურული ნარკვევების წინამდებარე წიგნში (პირველი წიგნი გამოიცა 1994 წელს, მეორე - 1997 წელს, მესამე - 2000 წელს, მეოთხე - 2003 წელს, მეხუთე და მეექვსე წიგნები კი 2005 წელს) მდიდარ ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობითაა გაანალიზებული და ახლებური თვალთახედვით შეფასებული ბევრი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. წიგნისადმი ინტერესს არსებითად ზრდის ის გარემოება, რომ ავტორისეული კვლევის საგნად ქცეული საკითხები საბჭოთა პერიოდის ლიტერატურათმცოდნეობაში ხშირად სრულიად განსხვავებულადვე, იმ პერიოდის ჩვენი აზროვნებისათვის მკაფიოდ დამახასიათებელი იდეოლოგიური ტენდენციურობით, იყო განსჯილ-გაანალიზებული.
ავტორი ცდილობს მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველ მწერალთა შემოქმედებიდან მიზანმიმართულად მოშველიებული კონკრეტული მაგალითების მეშვეობით თვალნათლივ წარმოაჩინოს და ობიექტურად შეაფასოს ის უმთავრესი ტენდენციები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავენ იმჟამინდელი ჩვენი მწერლობის თვისებრივ ბუნებას.