ქართული ენა მსოფლიოს ენათა სისტემაში ყურადღებას იქცევს არა მარტო უძველესი წარსულით, არამედ მონოლითური, მწყობრი გრამატიკული სისტემითა და უმდიდრესი ლექსიკური ფონდით.
ქართული ენა მხოლოდ ურთიერთობის საშუალება როდია. იგი ქართველებისათვის არის ეროვნული მეობის განმსაზღვრელი, ქართველი ხალხის სულის სარკე, უცხოელთათვის კი – სრულიად განსხვავებული, უაღრესად ორიგინალური და მეტად საინტერესო ენობრივი სამყარო.
ქართული ენა „საღვთო საქმეა”, მოითხოვს ფაქიზ მოპყრობას; „კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს" (ილია). ქართულ ენას მოვლა-პატრონობა, დაცვა და მზრუნველობა სჭირდება. საბედნიეროდ, ჩვენს მშობლიურ ენას, უძველესი დროიდან მოყოლებული, მრავლად ჰყავდა ისეთი ქომაგნი, რომლებიც ერთგულად დარაჯობდნენ ამ ძვირფას საუნჯეს და არა მხოლოდ იცავდნენ ენის თავისთავადობას, არამედ რუდუნებით იღვწოდნენ მისი შემდგომი სრულყოფა-განვითარებისათვის.. უამრავი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე უხმაუროდ, თანაც უდიდესი სიყვარულით მონაწილეობდა ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში, ტაძრისა, რომელსაც ქართული ენა ჰქვია.
ყოველი თაობა ვალდებულია გაითავისოს მამა-პაპათა ნაღვაწი, ყოველდღიურ ცხოვრებაში გონივრულად გამოიყენოს წარსულის ტრადიციები და კვლავაც მისცეს სწორი მიმართულება წინაპართა მიერ გაკვალულ გზას.
ჩვენი წიგნის მიზანდასახულებაც ესაა – პატივისცემით მოიგონოს ქართული ენის მოამაგენი, რათა მათი მეცნიერული მიღწევები თუ ადამიანური თვისებები გახდეს საუკეთესო მაგალითი და მისაბაძი ნიმუში ახალგაზრდობისათვის, წიგნის პერსონაჟები არიან მწერლები და პოეტები, ქართველ ენათმეცნიერები და უცხოელი ქართველოლოგები, ყოფილი ლექტორები. მართალია, ისინი სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ, განსხვავებული იყო მათი შემოქმედებითი მოღვაწეობის სფეროც, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებდა ქართული ენის სიყვარული, მოწიწება და უანგარო მსახურება.
წიგნში შეტანილი მასალების ძირითადი ნაწილი დაწერილია საიუბილეო თარიღებთან და კავშირებით, წაკითხულია სამეცნიერო სესიებზე; უმრავლესობა დაბეჭდილია პერიოდულ პრესაშიც.
ავტორი